უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით 17 ოქტომბერს ვაშინგტონში გაემგზავრება.
„გუნდი უკვე გაემგზავრა: პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, ოფისის ხელმძღვანელი ანდრიი იერმაკი, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ უმეროვი და ჩვენი დიპლომატიური სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი. ისინი წავიდნენ. რამდენიმე შეხვედრა გაიმართება. ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ნაბიჯების თანმიმდევრობა, რომლის შეთავაზებაც მსურს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს მთავარი თემები იქნება საჰაერო თავდაცვა და უკრაინის შესაძლებლობა, განახორციელოს შორი დისტანციის დარტყმები რუსეთზე ზეწოლის მიზნით.
შეხვედრა პრეზიდენტებს შორის 11 და 12 ოქტომბერს ტელეფონით გამართული საუბრების გაგრძელებაა.
ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრის დროს მათ განიხილეს რუსეთის თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, საჰაერო თავდაცვის საკითხები და უკრაინის ახალი შორი მოქმედების შესაძლებლობები.