„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, - ინფორმაციას ეუთო ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ელინა ვალტონენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი, განსაკუთრებული ყურადღება კი ეუთო-ს მინსკის პროცესის დასრულებასა და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს დაეთმობა.
„საქართველოში შეხვედრები ფოკუსირებული იქნება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად ეუთო-ს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფინეთი, როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას და რომ ეს პრიორიტეტი ხაზგასმული იქნება ვიზიტის განმავლობაში.