ევროკავშირის საბჭომ ერთი წლით გაახანგრძლივა ინდივიდუალური სანქციები იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე.
„საბჭომ დღეს გადაწყვიტა, კიდევ ერთი წლით, 2026 წლის 9 ოქტომბრამდე, გააგრძელოს ინდივიდუალური შემზღუდავი ზომები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე“, - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორების წინააღმდეგ განხორციელებული ჰიბრიდული საქმიანობის, მათ შორის უცხოური ინფორმაცის მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI), ფონზე მიიღეს.
ევროკავშირის საბჭომ დამატებითი სანქციები დააწესა რუსეთის „ჰიბრიდული“ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების საპასუხოდ 2024 წლის 8 ოქტომბერს. შემზღუდავი ზომები საერთო ჯამში, ამჟამად 47 ფიზიკურ და 15 იურიდიულ პირზე ვრცელდება.
მათი აქტივები ექვემდებარება გაყინვას, ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს კი ეკრძალებათ მათთვის სახსრების, ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება. ფიზიკურ პირებს ასევე ეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა ან ტრანზიტი.