აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
მარკო რუბიომ შეხვედრაზე გადასცა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება მოსკოვისადმი, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები უკრაინაში ომის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა განაცხადა.
ლავროვთან შეხვედრის დროს, რუბიომ, „კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება მკვლელობების დასრულებისა და მოსკოვის მიერ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ხანგრძლივი მოგვარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობის შესახებ“.
ლავროვსა და რუბიოს შორის შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში დახურულ კარს მიღმა გაიმართა და ერთ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.
ამ შეხვედრას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის რიტორიკის მოულოდნელი ცვლილება, რომლის თანახამდ, უკრაინას შეუძლია ტერიტორიების დაბრუნება.