უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დრონებმა ერთ კვირაში მეორედ რუსეთის ბაშკორტოსტანის რესპუბლიკაში „გაზპრომის“ ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს უკრაინის სპეცსამსახურების მეორე იერიშია აღნიშნულ ობიექტზე. მედიასაშუალებას უწყებაში განუცხადეს, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
აღნიშნულია, რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური ქარხანა რუსეთში. ის აწარმოებს 150 სხვადასხვა სახის პროდუქტს, მათ შორის საავტომობილო ბენზინს, დიზელის საწვავს, მაზუთს, ბიტუმს და პოლიეთილენს. უკრაინიდან დანიშნულების ადგილამდე მანძილი დაახლოებით 1400 კილომეტრია.
თავდასხმა ასევე დაადასტურა ბაშკორტოსტანის გუბერნატორმა რადი ხაბიროვმა. მისი ცნობით, ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ. დგინდება დაზიანების მასშტაბი.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შორი მოქმედების დრონებმა ბაშკორტოსტანში ნავთობქიმიურ კომპლექსს 18 სექტემბერსაც დაარტყეს.