აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შვიდ თვეში შვიდი ომი შეაჩერა და გაერო-ს მისი დახმარების ერთი მცდელობაც არ ჰქონია.
ამის შესახებ მან 23 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე შვიდი ომი შევაჩერე. არცერთ პრეზიდენტს, არცერთ პრემიერ-მინისტრს, არცერთ ქვეყანას არასდროს გაუკეთებია მსგავსი რამ და მე ეს მხოლოდ შვიდ თვეში გავაკეთე. ეს აქამდე არასდროს მომხდარა. ჩემთვის დიდი პატივია ამის გაკეთება“, - თქვა ტრამპმა.
მან სინანული გამოთქვა, რომ ეს გაერო-ს ნაცვლად მას მოუწია ამის გაკეთება.
„სამწუხაროდ, არცერთ ამ შემთხვევაში გაერო-ს დახმარება საერთოდ არ უცდია. შვიდი ომი დავასრულე, ყველა ამ ქვეყნის ლიდერთან მქონდა ურთიერთობა და გაერო-დან არასდროს მიმიღია სატელეფონო ზარი შეთანხმების მიღწევაში დახმარების შემოთავაზებით. გაერო-სგან მხოლოდ ესკალატორი მივიღე, რომელიც ასვლისას გაჩერდა და გაფუჭებული ტელესუფლიორი“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, მან პოსტ-ფაქტუმ და არა მოლაპარაკებების დროს გააცნობიერა, რომ გაერო არ ეხმარებოდა.
„მაშინ რა არის გაერო-ს დანიშნულება? გაერო-ს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. თუმცა, უმეტესწილად, ის ამ პოტენციალის რეალიზებასთან ახლოსაც კი ვერ მიდის. სულ მცირე, ახლა ისინი მხოლოდ ძალიან მკაცრ განცხადებას აკეთებენ, რომელსაც არასდროს მოჰყვება მოქმედება. ეს ცარიელი სიტყვებია და ომის დასრულება ცარიელი სიტყვებით შეუძლებელია, - განმარტა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გაერო არ იყო ჩართული მის მიერ ჩამოთვლილი კონფლიქტების დასრულების პროცესში.
„ახლა ყველა ამ ომის დასრულებისა და მანამდე აბრაამის შეთანხმებების გაფორმების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას არანაირი დაფასება არ მიუღია. ყველა ამბობს, რომ მე მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უნდა მივიღო თითოეული ამ მიღწევისთვის, თუმცა ჩემთვის ნამდვილი ჯილდო იქნებიან ის ბავშვები, რომლებიც გადარჩებიან და გაიზრდებიან დედებთან და მამებთან, რადგან მილიონობით ადამიანი აღარ დაიხოცება დაუსრულებელ ომებში. ის, რაც მადარდებს, არის არა ჯილდოების მიღება, არამედ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ ამ შვიდი ომის დასრულებით და არის სხვები, რომლებზეც ვმუშაობთ და თქვენ ეს იცით“, – განაცხადა ტრამპმა.