ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში მოქმედ "თალიბანის" რეჟიმთან ბაგრამის საჰაერო ბაზაზე ამერიკელი ჯარისკაცების დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ Fox News დონალდ ტრამპის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
დღეს, დიდ ბრიტანეთში ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჯო ბაიდენი, ავღანეთიდან ამერიკელი ჯარების ნაჩქარევი გაყვანის გამო და განაცხადა, რომ მას ამ საკითხთან დაკავშირებით „განსაკუთრებული სიახლეები“ აქვს.
„ჩვენ ვცდილობთ მის დაბრუნებას. ჩვენ ვცდილობთ მის დაბრუნებას, რადგან მათ ("თალიბანს") ჩვენგან [გარკვეული] რამ სჭირდება. ჩვენ გვსურს ამ ბაზის დაბრუნება, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისი დაბრუნება გვსურს, ის არის, რომ ის ერთი საათის სავალზეა იმ ადგილიდან, სადაც ჩინეთი ბირთვულ იარაღს აწარმოებს“, - თქვა ტრამპმა.
როგორც Fox News აღნიშნავს, დასავლურმა მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თალიბანი“, სავარაუდოდ, დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების ნორმალიზებით, რადგან ავღანეთი ამჟამად თითქმის სრულ დიპლომატიურ იზოლაციაში იმყოფება.
ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს შეერთებულმა შტატებმა მიაღწია შეთანხმებას „თალიბანთან“, რომლის თანახმად, უცხოური ჯარები ავღანეთიდან 2021 წლის 1 მაისამდე სრულად უნდა გასულიყვნენ.
საინტერესოა, რომ ეს შეთანხმება მიღწეული იქნა ავღანეთის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის გვერდის ავლით, რომელიც 20 წლის განმავლობაში აშშ-ის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, აშშ-მა თანდათანობით დაიწყო ქვეყანაში სამხედროების რაოდენობის შემცირება, რის შედეგადაც ტრამპის პრეზიდენტობის ბოლოსთვის კონტინგენტი 13 000-ზე მეტი ჯარისკაციდან დაახლოებით 2 500 ჯარისკაცამდე შემცირდა.
როდესაც ჯო ბაიდენმა თანამდებობა 2021 წლის იანვარში დაიკავა, მან არ დაარღვია „თალიბანთან“ დადებული შეთანხმება ომის აქტიური ფაზის განახლების თავიდან აცილების მიზნით, თუმცა გაყვანის ვადა 1-ელი მაისიდან 2021 წლის 31 აგვისტომდე გადაწია, იმ მოტივით, რომ ჯარების გასვლას საფუძვლიანი მომზადება სჭირდებოდა.
თუმცა, 2021 წლის მაისში, თალიბანმა ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო სამთავრობო ძალების წინააღმდეგ და სწრაფად დაიკავა ძირითადი პროვინციები. სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა აგვისტოში: 2021 წლის 15 აგვისტოს, „თალიბანი“ შევიდა ქაბულში, მაშინდელი პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა და ავღანეთის მთავრობა ფაქტობრივად დაემხო.
ამან გამოიწვია ქაოტური ევაკუაცია ქაბულის აეროპორტიდან, რომლის დროსაც აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა 120 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს, მათ შორის იყვნენ დიპლომატები, დასავლეთ ქვეყნების მოქალაქეები და ის ავღანელები, რომლებიც კოალიციის ძალებთან თანამშრომლობდნენ.
ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცებმა ავღანეთი 2021 წლის 30 აგვისტოს დატოვეს, რაც იმას ნიშნავდა,რომ აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდა.
ამავდროულად, გასვლას თან ახლდა ბაიდენის მიმართ მწვავე კრიტიკა ევაკუაციასთან დაკავშირებული ქაოსისა და ავღანეთის არმიის სწრაფი დაშლის გამო, რომლის შექმნაშიც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ორი ათწლეულის განმავლობაში ასობით მილიარდი დოლარი დახარჯეს.