ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების ფაქტზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ მიიღო.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხე არსებობს. ასევე, პროკურორი ზვიადაურის მხრიდან მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეებზეც საუბრობდა.
მისი თქმით, ბრალდებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, რომელიც ასევე ცეცხლსასროლი იარაღით იყო ჩადენილი, გირაოს ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც, მან ახალი დანაშაული ჩაიდინა.
პროკურორის თქმით, საქმეზე ამოღებულია ორი ცეცხლსასროლი იარაღი, საიდანაც ერთი გაფორმებული იყო, მეორე კი - არა. შესაბამისად, დასადგენია, თუ სად და რა ვითარებაში შეიძინა ზვიადაურმა იარაღი.
ზვიადაურის ადვოკატი 20 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარუდგინა.
მუხლი 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.