ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი, დათუნა მოდებაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატს და ოლიმპიურ ჩემპიმს იარაღის ტარების უფლება ჩამორთმეული არ ჰქონია.
„მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა ტარების უფლება, გეტყვით, რომ ჰქონდა უფლება. ბრალდებულის სტატუსის მქონეა, მაგრამ აღკვეთის ღონისძიება, რაც ჰქონდა შეფარდებული, იმაზე იარაღის აკრძალვა არ ჰქონდა",- განუცხადა მოდებაძემ ჟურნალისტებს.
ასევე, ადვოკატი გამორიცხავს ზვიადაურის პოლიტიკური ნიშნით დაკავებას.
„არანაირი პოლიტიკური, პოლიტიკას არ უკავშირებს. გააჩერეს და იარაღი ამოიღეს, ექსპერტიზაზე გაიგზავნა",- აცხადებს მოდებაძე.
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარუდგინა.
მუხლი 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (.38 Special ) კალიბრის „WEBLEY SCOTT LTD” კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ექვსი ქარხნული წესით დამზადებულ, 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.