ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, კონსერვატორი აქტივისტის ამერიკელი ინტელექტუალის ჩარლი კირკის მკვლელობაში ისრაელია პასუხისმგებელი, „საშინელიდა დიდი ტყუილია“ და შესაძლოა, კატარის მიერ დაფინანსებული პირების მიერ იყოს გავრცელებული. გავრცელებულ ინფორმაციაში ამტკიცებენ, რომ მკვლელობის უკან ისრაელი იდგა, რადგან კირკი ისრაელის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული იყო.
„ნაცისტური პროპაგანდის მინისტრმა, იოზეფ გებელსმა, თქვა, რომ რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო სწრაფად ვრცელდება ის. ვიღაცამ მოიგონა საშინელი ტყუილი, თითქოს ისრაელს რაღაც კავშირი აქვს ჩარლი კირკის საშინელ მკვლელობასთან. ეს სიგიჟეა. ეს ტყუილია. ეს აღმაშფოთებელია“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას.
ნეთანიაჰუმ კირკი შეაქო პრო-ისრაელური აქტივიზმისთვის და დასძინა, რომ მათ რამდენჯერმე ისაუბრეს და რომ მან ცოტა ხნის წინ კირკი ისრაელში მიიწვია.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მიესალმება ისრაელთან დაკავშირებით განსხვავებულ მოსაზრებას, რადგან „ეს არის ჩარლის არსი, თავისუფალი ქვეყნის არსი“ და რადგან მან იცის, რომ კირკის წინადადებები „ყოველთვის გულიდან მოდის, მის მიერ ისრაელის და ებრაელი ხალხის სიყვარულიდან“.
„ახლა ზოგიერთი ამ ამაზრზენ ჭორებს ავრცელებს - შესაძლოა, აკვიატების გამო, შესაძლოა, კატარის დაფინანსებით“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, კირკი იმსახურებდა „პატივისცემას და არა ტყუილს“.