გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ალკოჰოლის არალეგარული წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის არიან გორელი ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორია გოგიჩაიშვილი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ უპრეცედენტო რაოდენობის 75 137 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი და 318 000-ი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. უწყების ცნობით, დაკავებულია დანაშაულში თანამონაწილე 7 პირი.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში, გააჩნდათ არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური, ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია. ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთი საწყობიდან ასევე ამოღებულია 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია). ასევე ამოღებულია სიგარეტის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები. ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელების და სიგარეტების საორიენტაციო ღირებულებამ შესაძლოა ათეულობით მილიონი შეადგინოს, რასაც საბოლოოდ საქმეზე ჩატარებული შესაბამისი ექსპერტიზა დაადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით“, - აცხადებენ უწყებაში.