აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, 15 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, შესაძლოა მომავალ კვირას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.
რუბიოს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ „მსოფლიოში არცერთ ლიდერს არ გაუკეთებია ამ ომის დასასრულებლად იმაზე მეტი, ვიდრე ტრამპს“.
ამ საკითხზე კომენტირებისას, მან, კერძოდ, ლიდერებს შორის მომავალ კვირას დაგეგმილ პოტენციურ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ზელენსკისთან რამდენიმე სატელეფონო ზარი, რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ნიუ იორკში“, - თქვა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტრამპმა „ეს სამწლიანი ომი ბაიდენის ადმინისტრაციისგან მემკვიდრეობით მიიღო“.
„ის [ტრამპი] ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებზე, რადგან ეს აუცილებელი იქნება ნებისმიერი მოლაპარაკებით მიღწეული შეთანხმებისთვის. და ის [ტრამპი] გააგრძელებს მცდელობებს“, - თქვა რუბიომ.