საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და მისადმი სოლიდარობის გამოსახატად საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების პეტიციას ეხმიანება.
მისი თქმით, “პეტიციის ტექსტი აჩვენებს, თუ რამდენს მიაღწია გერმანიამ და საქართველომ ერთად ბოლო 30 წლის განმავლობაში.“
მადლიერი ვარ პეტიციით გამოვლენილი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ტექსტი აჩვენებს, თუ რამდენს მივაღწიეთ გერმანიამ და საქართველომ ერთად ბოლო 30 წლის განმავლობაში. ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ საერთო ხედვისკენ. მოდით, დავიცვათ ეს და ერთად გავაგრძელოთ წინსვლა“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოება პეტიციას ავრცელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებისა და ელჩ პეტერ ფიშერისადმი სოლიდარობის გამოსახატად.
"ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები, დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ბოლო დროს გაჟღერებულ საჯარო თავდასხმებს გერმანიის ელჩის, ბატონ პეტერ ფიშერის წინააღმდეგ.
უკვე რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ძნელად თუ მოიძებნება საქართველოს მოქალაქე, რომელიც გერმანიის მხარდაჭერას არ გრძნობს - იქნება ეს ბათუმისა და აჭარის რეგიონის წყლის მომარაგების სისტემების გაძლიერებით, გერმანელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული სტუდენტების/მეცნიერების სტიპენდიებით, მცირე ბიზნესის ხელშემწყობი, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების პროგრამებით.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ გერმანიამ ჩვენს ქვეყანას არაერთ მნიშვნელოვან სფეროში დაუჭირა მხარი - პოლიტიკურად, ეკონომიკურად და საზოგადოებრივად:
GIZ - ის , KfW - ს და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტებით, რომლებიც ხელს უწყობენ საჯარო სამსახურის განვითარებას, სამართლებრივ რეფორმებს, დემოკრატიის, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ასევე ინფრასტრუქტურის, ენერგომომარაგების, პროფესიული განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. პოლიტიკური ფონდების საქმიანობით, რომლებიც წლებია უჭერენ მხარს პარტიული პლურალიზმს, პოლიტიკურ განათლებას და საჯარო დისკუსიის განვითარებას, ასევე ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის, კულტურისა და მეცნიერების სფეროებში დახმარებით და სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის სტიპენდიებით, განსაკუთრებით DAAD-ის მეშვეობით;და ბოლოს, გერმანიის მკაფიო პოლიტიკური მხარდაჭერით საქართველოსთვის ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე.ამ მხარდაჭერის გარეშე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება, ინსტიტუტების გაძლიერება თუ ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, ამ მასშტაბებით ვერ განხორციელდებოდა. ამისთვის საქართველო გერმანელი ხალხის მადლიერია.
ბატონი პეტერ ფიშერი საქართველოში ამ პარტნიორობის სიმბოლოა. მისი ღია მხარდაჭერა დემოკრატიის, სამართლის უზენაესობისა და ევროპული ინტეგრაციისათვის წარმოადგენს იმ ღირებულებებს, რომლებიც აერთიანებს საქართველოსა და გერმანიას. მის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში არსებული მუქარები, მათ შორის მისი შესაძლო გაძევების საკითხის წამოწევა, ჩვენთვის არის თავდასხმა არა მხოლოდ თვით ელჩზე, არამედ ქართულ-გერმანულ მრავალწლიან მეგობრობაზე.
ვუცხადებთ სოლიდარობას ელჩ პეტერ ფიშერს და გამოვხატავთ ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიმართ. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას დიპლომატიური პროტოკოლი, შეწყვიტოს უცხოელი დიპლომატების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმები და აღიაროს გერმანიის ფასდაუდებელი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებაში.
საქართველო საჭიროებს ძლიერ პარტნიორებს და არა კონფრონტაციას!
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი ევროპელი მეგობრების გვერდით და ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომლებიც საქართველოს ევროპული ოჯახის განუყოფელ ნაწილად აქცევს", - ნათქვამია პეტიციაში.