აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელები რუსეთის მიმართ არასაკმარისად მკაცრ პოზიციაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ „ლაპარაკობენ და არაფერს აკეთებენ“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკული სანქციების შემდგომი შემოღება დამოკიდებულია იმაზე, გააძლიერებს თუ არა ევროპა საკუთარ შემზღუდავ ზომებს და შეწყვეტს თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენას.
ტრამპი ამის შესახებ ჟურნალისტებს Air Force 1-ის ბორტზე ასვლამდე ესაუბრა.
ნატო-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ შეკითხვაზე პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ალიანსი და ევროპა „თავის საქმეს არ ასრულებენ“.
ტრამპის თქმით, ევროპული ქვეყნები აგრძელებენ რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენას.
„მომისმინეთ, ევროპელები ჩემი მეგობრები არიან. მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. ასე რომ, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ერთადერთი, ვინც სრული დატვირთვით მუშაობს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან ევროპის მიერ დაწესებულ სანქციებს „არასაკმარისად მკაცრი“ უწოდა და შეერთებული შტატების მხრიდან შემდგომი ქმედებების პირობები წამოაყენა.
„მზად ვარ სანქციები დავაწესო, მაგრამ მათ უნდა გაამკაცრონ სანქციები ჩემი ქმედებების შესაბამისად“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
საკუთარი პოზიციის დაზუსტებისას, ტრამპმა დაადასტურა, რომ ევროპელი პარტნიორებისგან სინქრონულ ან პრევენციულ ქმედებებს ელის.
„მე მზად ვარ წინ წავიდე, მაგრამ მათაც უნდა გააკეთონ ეს.
ვფიქრობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ საუბრობენ და არ მოქმედებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ევროპელებთან შეთანხმება რუსული საქონლის შეძენაზე სრულ უარს მოიცავდა.
„შეთანხმება იმაში მდგომარეობს, რომ მათ [ევროპელებმა] რუსეთიდან არ უნდა შეიძინონ - ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
როდესაც ჟურნალისტებმა შეახსენეს რუსეთის წინააღმდეგ „სერიოზული სანქციების“ შემოღების დაპირება, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ როდესაც ეს სანქციები დაწესდება, „ძალიან, ძალიან მკაცრი“ იქნება.