ბალტიის ზღვაში, რუსეთის პრიმორსკის პორტში, უკრაინის უსაფრთხოების ძალების დრონების თავდასხმის შედეგად „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორი ტანკერი დაზიანდა. საუბარია ტანკერებზე - Kusto-სა და Cai Yun-ზე. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გამოცემის წყაროების ცნობით, დაზიანებული Aframax-ის ტიპის ტანკერები Kusto და Cai Yun სეიშელის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
ეს გემები რუსეთის ფედერაციის „ჩრდილოვან ფლოტს“ მიეკუთვნება და სეიშელის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავენ.
როგორც ცნობილია, ტანკერ Kusto-ს დაახლოებით 700 ათასი ბარელის გადაზიდვა შეუძლია.
უკრაინი უსაფრთხოების ძალების თავდასხმის შედეგად, პრიმორსკის პორტიდან ნავთობის ჩატვირთვა შეჩერდა და ჯერჯერობით უცნობია, განახლდა თუ არა ის.
პორტის სიმძლავრე დღეში დაახლოებით 1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობია, რაც მას რუსული ნავთობის საექსპორტო მთავარ ცენტრად და დასავლეთ რუსეთის უდიდეს პორტად აქცევს.
ამ პორტის დახმარებით რუსეთის ფედერაცია გვერდს უვლის საერთაშორისო სანქციებს და ნავთობს უცხოურ ბაზრებზე ყიდის.
ყოველწლიურად დაახლოებით 60 მილიონი ტონა ნავთობი გადის პორტში, რაც რუსეთისთვის დაახლოებით 15 მილიარდ დოლარი მოაქვს.
პორტსა და სატუმბ სადგურზე ერთ-ერთ გემზე უკრაინული დრონების წარმატებული თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და ნავთობის ჩატვირთვა შეჩერდა. ექსპორტის შეწყვეტით რუსეთის ბიუჯეტისთვის ყოველდღიური ზარალი, სავარაუდოდ, 41 მილიონ დოლარამდეა.