თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი, არასაპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, დიასამიძე დარბაზიდან გათავისუფლდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ ადგილზე თათბირით გამოაცხადა.
შემდეგი სხდომა 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 8-9 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის არის მეგი (ირმა) დიასამიძე. შსს-ს განმარტებით, მეგი დიასამიძემ მელიქიშვილის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერი დააზიანა.