უკრაინამ და ევროკავშირმა დაიწყეს გაწევრიანების მოლაპარაკებების ბოლო კლასტერის სკრინინგი, რომელიც სოფლის მეურნეობას ეძღვნება.
ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. იუწყება უკრაინული მედია.
მოლაპარაკებების მე-11 სექციის - „სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ - სკრინინგის შეხვედრები ჰიბრიდულ ფორმატში გუშინ დაიწყო
შეხვედრები 3 დღეს, 10 სექტემბრამდე გაგრძელდება და ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება.
უკრაინის დელეგაციას მთავარი მომლაპარაკებელი, ვიცე-პრემიერი ტარას კაჩკა ხელმძღვანელობს.
სესიებში ასევე მონაწილეობენ უკრაინის ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
„ჩვენთვის ეს სკრინინგის სესია არ არის დასაწყისი, არამედ ევროკავშირთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგია.
ჩვენ ვიცით ჩვენი უპირატესობები, ვიცით გამოწვევები და დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ჩავუყაროთ საფუძველი უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორის შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირის ზოგად პოლიტიკაში“, - აღნიშნა კაჩკამ სესიის გახსნისას.