ევროკავშირის ელჩმა უკრაინასი კატარინა მატერნოვამ დიპლომატიური მისიების სხვა ხელმძღვანელებთან ერთად,უკრაინის მთავრობის შენობის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ შენობა რუსული „ისკანდერის“ რაკეტამ დააზიანა.
გამოცემა Defense Express-მა აღნიშნა, რომ რაკეტის ქობინი არ აფეთქებულა.
„მე ეს საკუთარი თვალით ვნახე: პუტინმა ზუსტად იცის, რას აკეთებს. „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შენობას მოხვდა, სწორედ მიმართული იყო უკრაინის მთავრობის ცენტრისკენ,“ - განაცხადა ელჩმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ასევე განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის შენობას „ისკანდერი“ მოხვდა.
„ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ტიპი. დიდი ალბათობით, ეს იყო ფრთოსანი რაკეტა. ის კონკრეტულად სამთავრობო კვარტლის წინააღმდეგ იყო მიმართულიო“, - აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროშო.
მატერნოვას თქმით, ის დილით მინისტრთა კაბინეტის შენობას სხვა დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან ერთად ეწვია. დიპლომატების დელეგაციას თან ახლდა პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, ასევე საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელები.
მისი თქმით, დიპლომატებს აჩვენეს თავად რაკეტის მნიშვნელოვანი ფრაგმენტები, ასევე „ისკანდერში“ არსებული კასეტური საბრძოლო მასალის დიდი რაოდენობით ნამსხვრევები.
„მხოლოდ იმიტომ, რომ რაკეტა სრულად არ აფეთქდა, მთელი შენობა მიწასთან არ გასწორებულა. და საოცარი უკრაინელი მაშველების - ნამდვილი გმირების - სწრაფი მოქმედების წყალობით ხანძარი სამ სართულამდე შეჩერდა, ვიდრე მთელ შენობას მოიცავდა“, - წერს ელჩი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა დროა, მოკავშირეებმა გააძლიერონ მხარდაჭერა, მნიშვნელოვნად გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე და უკრაინას მისცენ ყველაფერი, რაც მას საკუთარი ცის დასაცავად სჭირდება.