თბილისის მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძე მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტს ასე გამოეხმაურა:
„მაიკლ ჯექსონი ცოცხალი რომ იყოს, ამ ადამიანების ჩართულობით Thriller-ს თავიდან გადაიღებდა – არც გრიმი დასჭირდებოდა, არც ვიზაჟისტები და არც კოსტიუმები.“
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა როლი ჰქონდა პროცესში მათი გუნდის წევრს ბექა ოდიშარიას, რომელიც მოქალაქეებს გინებით მიმართავდა, კალაძემ თქვა, რომ შეკრებილები თავად იყვნენ დაკავებული შეურაცხყოფით.
"წარმოუდგენელია – ჩვეულებრივი "ტიტუშკები" არიან! ამ ადამიანებს ყველაფერი დაკარგული აქვთ – ზნეობა, კულტურა, აბსოლუტურად ყველაფერი. იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან, მე ადამიანურად თანავუგრძნობ. გული მტკივა, როცა ჩემი ქვეყნის მოქალაქეს ამ მდგომარეობაში ვხედავ.
როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ, ლანძღავ... ადამიანები ვართ. აბა რა გინდათ თქვენ – თქვენ მაგინოთ და მე დავდგე: – ‘უიმე, თქვენ გენაცვალეთ, ბოდიშს გიხდით!’ რა ორმაგი სტანდარტი, როცა ადამიანი მიდის და შეურაცხყოფას აყენებს! იდგნენ ადამიანები, ბექა მივიდა და გინება დაუწყო?! უბრალოდ უსინდისოები ხართ, რომ აი, ასე იტყუებით!
ჩვენ შეიძლება განსხვავებული შეხედულებები გვქონდეს, მაგრამ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ. პატივი ვცეთ ჩვენს ქვეყანას, კულტურას, ტრადიციებს და ერთმანეთს არ მივაყენოთ არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს ეხება ყველას!, – განაცხადა კახა კალაძემ.