ლისაბონში, 3 სექტემბრის საღამოს, „გლორიას“ ფუნიკულიორი რელსებიდან გადავიდა. ავარიის შედეგად, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ტურისტებში პოპულარული ტრამვაის ფუნიკულიორი თითქმის განადგურებულია, ვაგონი ნაწილებად დაშლილია და მაშველებს ხალხს გამოჰყავთ.
გავრცელებული ცნობით, დაღუპულებს შორის უცხოელებიც არიან.
საღამოს პიკის საათის დროს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე მომხდარი ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველებმა ადგილობრივ მედიას განუცხადეს, რომ ფუნიკულიორი გორაკიდან მოწყდა და კონტროლი დაკარგა.