ბელგია გაერო-ს გენერალური ასამბლეის სექტემბრის სესიაზე პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ პრევომ სამშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გეგმავს პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რომელიც მომავალ კვირას დაიწყება და რომელსაც შეუერთდება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა და ავსტრალია.
მან აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა „პალესტინის, კერძოდ, ღაზის სექტორისთვის დატრიალებული ჰუმანიტარული ტრაგედიის გათვალისწინებით და ისრაელის ძალადობრივი ქმედებების საპასუხოდ, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს“.
პრევომ დასძინა, რომ ბელგია ასევე მზადაა მხარი დაუჭიროს ისრაელის წინააღმდეგ 12 სასანქციო ზომას, როგორიცაა ისრაელის ახალ დასახლებებში წარმოებული პროდუქციის იმპორტის აკრძალვა და ასევე მზადაა ჰამასის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს.