სომხეთი და გაერთიანებული სამეფო შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობების დონე სტრატეგიულ პარტნიორობამდე აიყვანონ და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა გააფართოვონ, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებულ სამეფოსთან დიალოგის მეორე რაუნდის შემდეგ განაცხადა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ურთიერთობების დონის ამაღლების კონტექსტში, მხარეებმა „ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას“.
თავდაცვის პროექტებთან დაკავშირებით, სომხეთი და დიდი ბრიტანეთი შეთანხმდნენ სამომავლო მაღალი დონის კონტაქტებზე, სამხედრო ატაშეების გაცვლაზე, ასევე კიბერუსაფრთხოების სფეროში უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე.
ერევანი და ლონდონი აპირებენ ბიზნეს კავშირების გაღრმავებას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას, მათ შორის „სომხეთში ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების“ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით რეფორმების მხარდაჭერით.
„დიალოგის შედეგად სომხეთის რესპუბლიკასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დამყარდება, რამაც დაადასტურა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და მჭიდრო თანამშრომლობის გაფართოების ერთობლივი ვალდებულება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სომხეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვაჰან კოსტანიანის და დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვარგარეთის ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მდივნის, სტივენ დაუტის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. პირველი რაუნდი ორ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ, 2023 წლის ნოემბერში, ლონდონში შედგა.