უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რათა ნათლად იცოდეს, რომ რუსეთი კვლავ არ დაესხმება თავს. როდესაც რუსეთის ფედერაცია ამასთან დაკავშირებით საკითხს აყენებს, გაუგებარია, რა ემუქრება მათ, რადგან ისიი უკრაინას დაესხნენ თავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რათა თქვენ და მე, ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა შვილიშვილებმა ნათლად ვიცოდეთ, რომ რუსეთი ჩვენზე თავდასხმას არ აპირებს. ეს აგრესორის წინააღმდეგ უსაფრთხოების გარანტიებია... რადგან აგრესორი რუსეთია.
როდესაც რუსეთი უსაფრთხოების გარანტიების საკითხს აყენებს, გულწრფელად რომ ვთქვა, ჯერ არ ვიცი, ვინ ემუქრება მათ. ისინი ჩვენ დაგვესხნენ თავს...
და მე ბოლომდე არ მესმის, რა გარანტიები სჭირდება აგრესორს, - განაცხადა ზელენსკიმ პარასკევს ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: რუსეთი ვერ დათანხმდება კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები მის გარეშე გადაწყდეს. მისივე თქმით, პუტინი მზადაა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, „თუ ყველა საკითხი, რომელიც უმაღლეს დონეზე განხილვას მოითხოვს, კარგად იქნება დამუშავებული.