რუსეთთან ტყვეების ახალი გაცვლა განხორციელდა. დღეს რუსული ტყვეობიდან 84 უკრაინელი დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის Telegram-არხზე განაცხადა.
„ჩვენ უკრაინელებს სახლში, უკრაინაში ვაბრუნებთ. ახალი გაცვლა, 84 ადამიანი. ესენი არიან როგორც სამხედროები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები. თითქმის ყველას სჭირდება სამედიცინო დახმარება და მნიშვნელოვანი რეაბილიტაცია. დღეს გათავისუფლებულ მშვიდობიან მოქალაქეებს შორის არიან ისინი, ვინც რუსებმა 2014, 2016 და 2017 წლებში აიყვანეს. დღეს გათავისუფლებულ სამხედროებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინას ტყვეების გათავისუფლებაში ეხმარება.
„მადლობა ჩვენს გუნდს - ყველას კოორდინაციის შტაბში, დაზვერვის მთავარ სამმართველოში, სპეციალური სამსახურებში, ვინც ჩვენი ხალხის დაბრუნებაზე მუშაობს. მადლობა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ამ გაცვლაში დახმარებისთვის.
და რაც მთავარია, მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ყოველ კვირას ფრონტზე ავსებენ უკრაინის გაცვლით ფონდს.
ფრონტის ხაზზე ჩვენი დანაყოფების სიმამაცე და ეფექტურობა ასევე შესაძლებლობაა, ჩვენი ხალხი სახლში დავაბრუნოთ. მეტი გაცვლა იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.