13 აგვისტოს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებული დაიბარა, დიპლომატიური ნოტის გადასაცემად, რომლითაც რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
ნოტის გადაცემისას, საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელს აცნობა, რომ ესტონეთი არ აპირებს შეეგუოს რუსეთის ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ესტონეთის კონსტიტუციური წესრიგისა და შიდა სტაბილურობის წინააღმდეგ და საჭიროდ მიიჩნევს ამის ნათლად გამოხატვას.
ესტონეთი ასევე აცნობებს თავის პარტნიორებსა და მოკავშირეებს ინციდენტის შესახებ.
„დიპლომატმა პირდაპირი და აქტიური მონაწილეობა მიიღო ესტონეთის კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის ძირის გამოთხრაში, ასევე ესტონური საზოგადოების გახლეჩვაში, რაც ხელს უწყობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის სანქციების დარღვევასთან დაკავშირებულ რამდენიმე დანაშაულს“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაკნამ.
მისი თქმით, ამჟამად ესტონეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქეა გასამართლებული ამ დანაშაულების ჩადენისთვის.
„რუსეთის საელჩოს მხრიდან ესტონეთის რესპუბლიკის შიდა საქმეებში ჩარევა უნდა შეწყდეს და დიპლომატის გაძევებით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ესტონეთი არ დაუშვებს მის ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ და ორკესტრირებულ ქმედებებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო უწყებაში აღნისნეს, რომ ესტონეთის ქმედებები შეესაბამება დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მე-9 მუხლს, რომელიც ითვალისწინებს, რომ ადგილსამყოფელ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს და მიზეზების მითითების გარეშე აცნობოს აკრედიტაციის განმახორციელებელ სახელმწიფოს, რომ მისიის ხელმძღვანელი ან მისიის დიპლომატიური პერსონალის ნებისმიერი წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.