უკრაინის უმაღლესმა რადამ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ კანონი მიიღო.
ახალ კანონპროექტს 331-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ასევე, კენჭი უყარეს დამტკიცებული დოკუმენტის პრეზიდენტთან ხელმოსაწერად დაუყოვნებლივ გადაგზავნას.
ამგვარად, სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა დამოუკიდებლად განახორციელებს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს საქმეების გამოძიების პროცედურულ მართვას და არა გენერალური პროკურორის კონტროლის ქვეშ.
ამავდროულად, კანონის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა შეამოწმოს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის და სხვა ორგანოების თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებებზე წვდომა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების თანახმად, დამოუკიდებლობას უზღუდავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს. უკრაინის მიერ მიღებულ კანონს ევროკავშირიც გამოეხმაურა, კერძოდ, ევროკომისიის წარმომადგენლის, გიიომ მერსიეს ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდა და ახალი ანტიკორუფციული კანონმდებლობის ახსნა-განმარტება სთხოვა. 24 ივლისს ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის აღდგენას ისახავს მიზნად.