პროექტის „ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩო - ადრეული ქმედების მხარდაჭერა” ფარგლებში პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) დოკუმენტის შემუშავებას ისახავს მიზნად.
საინფორმაციო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, დოკუმენტი იმ მთავარ პრიორიტეტებს განსაზღვრავს, რაც ქვეყანას მომდევნო წლებში ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით ექნება.
პროექტს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს. პროექტი მხარდაჭერილია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ და ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდიდან (GEF).
ეროვნული ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (NBSAP) დოკუმენტი შესაბამისობაში იქნება ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციისა (CBD) და გლობალური ბიომრავალფეროვნების ჩარჩოს (GBF) მოთხოვნებთან.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს