“ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია არის კორუფციული ინტერესების, გულგრილობის, მუნიციპალური დაუდევრობის კლასიკური მაგალითი,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, “ბადა ქონსთრაქშენი”, რომელიც წლების განმავლობაში იყო პასუხისმგებელი რეაბილიტაციაზე, არის ხელისუფლების, ივანიშვილის რეჟიმის ფავორიტი კომპანია.
"ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია არის კორუფციული ინტერესების, გულგრილობის, მუნიციპალური დაუდევრობის კლასიკური მაგალითი. ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ კორუფციას, არამედ მძიმე დანაშაულს, 8 წელია ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია ვერ განახორციელა “ქართული ოცნების” მუნიციპალურმა ხელმძღვანელობამ. ეს არის, რა თქმა უნდა, კორუფციული ინტერესებით ნაკარნახევი და “ბადა ქონსთრაქშენი”, რომელიც წლების განმავლობაში იყო პასუხისმგებელი რეაბილიტაციაზე, არის ხელისუფლების, ივანიშვილის რეჟიმის ფავორიტი კომპანია. ფავორიტიზმი, ნეპოტიზმი და კორუფციული ინტერესები არის სწორედ მიზეზი იმისა, რომ ახლაც მიმდინარეობს რეაბილიტაცია. არ არის ვარკეთილის მეტროსადგურის არათუ რეაბილიტაცია დამთავრებული, არამედ დაწყებულიც ნორმალურად არ არის. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები უნდა აწუხებდეს პროკურატურას კახი კალაძის და მისი მაღალჩინოსნების მიმართ. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიება ამ შემთხვევაში არ მიმდინარეობს. ძალიან მალე დაიწყება გამოძიება ყველა კორუფციულ ფაქტზე, როცა ქართველი ხალხის აღადგენს ქვეყანაში მართლმსაჯულებას და კანონის უზენაესობას.” - განაცხადა ლაშა ფარულავამ