ნაცვლად იმისა, კაია კალასი ევროკავშირის სახელით ბოდიშს უხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებას ევროკავშირის მხრიდან მანამდე არსებული თავდასხმების გამო, დღეს ის ცილს სწამებს ქართველ მოსამართლეებს, ემუქრება სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამას აღარანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ღია წერილი. მგონი, ძალიან კარგად დაემთხვა იმას, რასაც დღეს ვუსმენთ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს. პირდაპირ მტკიცებულებაა იმისა, რასაც ვსაუბრობდით. სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკას, ცილისმწამებლურ, დეზინფორმაციულ თავდასხმებს, საბჭოური სტილის მუქარას ვისმენდით დღეს, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მხრიდან. ის დღეს პირადად დაემუქრა ორ ქართველ მოსამართლეს სანქციებით. ეს არის სამწუხარო გზა, რომელსაც დღეს ადგას ბრიუსელი.
ევროკავშირის მოქალაქეებმა უნდა შეხედონ ამას და გადაწყვიტონ, მათ რა უნდათ. უნდათ, რომ საბჭოთა კავშირისკენ წაიყვანონ ბრიუსელში ამგვარმა ბიუროკრატებმა, რომლებიც დამოუკიდებელი ქვეყნის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების დამოუკიდებელ მოსამართლეებს ემუქრებიან? სირცხვილია, უბრალოდ, რასაც ვისმენთ. ევროკავშირის ელჩი განმარტებებით თავს არ იწუხებს ხოლმე, მაგრამ, მგონი, ახლა განმარტებები გასაკეთებელია. ვხედავთ, რისთვისაც სხედან სხდომათა დარბაზში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები. სხედან ამისთვის, რომ შექმნან დამაშინებელი გარემო მოსამართლისთვის, რათა შემდეგ ამგვარი მუქარები გაისმას ევროკავშირიდან, რომელიც, როგორც მშვიდობის პროექტი, შეიქმნა და დღეს გამოიყენება, როგორც ქართველ ხალხზე, მის მართლმსაჯულებაზე თავდასხმის ინსტრუმენტი. ყველას შევახსენებ, კაია კალასსაც შევახსენებ, ასეთი თავდასხმები გვესმოდა მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, გვარამიას პროცესების შემდეგ. დღეს თუ კალასია, წინა პერიოდში სხვა ჩინოვნიკები ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, ქართველ მოსამართლეებს. ყოველ ჯერზე სტრასბურგში მიდიოდა საქმე და აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ევროკავშირი იყო მტყუანი და ქართველი მოსამართლე იყო მართალი სააკაშვილის საქმე, მელიას საქმეზე ევროკავშირი იყო მტყუანი და ქართველი მოსამართლე – მართალი, გვარამიას საქმეზე ევროკავშირი იყო მტყუანი და ქართველი მოსამართლე – მართალი. ნაცვლად იმისა, რომ კალასი ევროკავშირის სახელით ბოდიშს უხდიდეს ქართულ მართლმსაჯულებას ევროკავშირის მხრიდან მანამდე არსებული თავდასხმების გამო, რომელიც სრული დეზინფორმაცია, ცილისწამება აღმოჩნდა, დღეს ის ცილს სწამებს ქართველ მოსამართლეებს, მათ სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებით ემუქრება. ამას აღარანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან. სამწუხაროა, რომ პოსტსაბჭოთა პოლიტიკურმა ელიტამ ასე გააუფასურა ბრიუსელი, მისი ავტორიტეტი, ჩვეულებრივი საბჭოთა სტილის თავდასხმების ინსტრუმენტად აქცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა: „განვიხილავთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ კიდევ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება, რაც შეაცვლევინებს საქართველოს მთავრობას გათვლებს“.
კალასს ასევე კითხვა დაუსვეს, დაადასტურებს თუ არა ინფორმაციას მიზნობრივი სანქციების შესახებ, რაზეც აღნიშნა, რომ სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა.