აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „ძალიან ეხმარება“ უკრაინას.
ტრამპმა ჟურნალისტებთან კვირას ისაუბრა, როდესაც ნიუ-ჯერსიდან ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე მიემგზავრებოდა.
მედიის კითხვაზე, თუ რატომ არ ეხმარება ის უკრაინას ისე, როგორც ისრაელს, უპასუხა: „მე ვეხმარები უკრაინას, ძალიან ვეხმარები“.
ამავდროულად, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ეს ომი არასდროს დაიწყებოდა, იმ დროს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.
ამერიკის ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ბოლო სატელეფონო საუბარზე.
„ვფიქრობ, კარგი საუბარი იყო. მას ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენეს,“ - თქვა ტრამპმა.
მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ძალიან იმედგაცრუებული იყო რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრით.