უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარასკევს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გამართული საუბარი ლიდერებს შორის კომუნიკაციის მთელი პერიოდის განმავლობაში საუკეთესო და ყველაზე პროდუქტიული იყო. მისი თქმით, უახლოეს ხანებში მოსალოდნელია საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების მიღწევა.
ზელენსკიმ ამის შესახებ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
"დრონებთან დაკავშირებით, ამერიკულ მხარესთან ერთობლივი მუშაობის საგრძნობლად გაზრდაზე შევთანხმდით. მიმდინარე კვირას შეთახმებაა მიღწეული უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანიას შორის. ეს უკრაინას კიდევ ასობით ათას დრონს მისცემს უკვე წელს...
ალბათ [ტრამპთან] ეს საუბარი ყველა დროის საუკეთესო იყო, მაქსიმალურად პროდუქტიული. საჰაერო თავდაცვის თემატიკაც განვიხილეთ და მადლობელი ვარ დასახმარებლად მზადყოფნისთვის. სწორედ Patriot-ებია ბალისტიკისგან დაცვის გასაღები," - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მან და ტრამპმა ასევე განიხილეს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც ორი ქვეყნის გუნდები დეტალურად უახლოეს მომავალში შემდგომ შეხვედრებზე შეიმუშავებენ.
4 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
Axios-ის ცნობით, ტრამპმა განაცხადა, რომ სურს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საკითხებში დახმარება და შეამოწმებს, თუ რა სახის დახმარება შეჩერდა.