მედიაჰოლდინგ „ჰერეთის“ მფლობელი, რამაზ სამხარაძე ფეისბუქზე წერს, რომ „ჰერეთის“ ანგარიშებისა და ქონების დაყადაღების შემდეგ იძულებულია სამსახურიდან დაითხოვოს თანამშრომლების დიდი ნაწილი და შეაჩეროს გადაცემები და საინფორმაციო გამოშვებები.
„ჰერეთი“ აერთიანებს სამ დამოუკიდებელ რადიოსადგურს — რადიო თბილისს (FM93.5), რადიო ჰერეთს (FM102.8 – კახეთი) და რადიო ციტრუსს (FM97.3 – აჭარა).
„მეგობრებო, მიმძიმს ამ სიტყვების დაწერა, თუმცა, დღეს 27 წლის მანძილზე, პირველად, დავითხოვეთ თანამშრომელთა დიდი ნაწილი.
ცალკე მადლობა მათ პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის.
ხვალიდან, 1-ლი ივლისიდან მედიაჰოლდინგი „ჰერეთი“ შექმნილი მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე დროებით აჩერებს გადაცემების და საინფორმაციო გამოშვებების სრულ მაუწყებლობას. ხვალ ეთერში იქნება ბოლო საინფორმაციო გამოშვებები.
რადიო „თბილისი“ FM93.5 კანონით განსაზღვრულ ვადაში – 20 აგვისტოს ჩათვლით – ეთერში რჩება, თუმცა მხოლოდ ტექნიკური მაუწყებლობის რეჟიმში. (ზუსტად არც ის ვიცი რას გადაწყვეტს საბოლოოდ კომუნიკაციების კომისია, თუმცა ძალიან პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩვენს თემას).
ამ ეტაპზე საინფორმაციო და გადაცემების ბადე შეჩერებულია და დიდი იმედი მაქვს, განახლდება სექტემბერში, იმ შემთხვევაში, თუ მოხერხდება კრიზისის განმუხტვა.
ჩვენი გუნდი აქტიურად იმყოფება კონსულტაციის რეჟიმში ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რათა სამაუწყებლო კომპანიისთვის შექმნილი იყოს ოპერირების ხელშესახები პირობები.
თქვენს მხარდაჭერას, თითოეულ ლარს რეალურად მივყავართ მიზნისკენ – რომელიც მოგცემს კომპანიის საბანკო ინკასოს გაუქმებას და მაუწყებლობის სრული აღდგენის შესაძლებლობას.
FM93.5, FM102.8 და FM97.3 ეთერში კვლავ 24-საათიან რეჟიმში რჩება.
სამუშაო რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას რადიო თბილისის ფეისბუქის და ტელეგრამ გვერდი, სადაც რეგულარულად მოგაწვდით ყველა მთავარ ინფორმაციას“ – წერს რამაზ სამხარაძე ფეისბუქზე.
ამავე დროს, რამაზ სამხარაძე წერს, რომ აგრძელებენ შემოწირულების კამპანიას, რომელიც ორგანიზაციის გადარჩენას ემსახურება.
„თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ნებისმიერი ბანკიდან (ლარი, ევრო, დოლარი):
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE18BG0000000343819702
მიმღები: სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი
დანიშნულება: შემოწირულობა
საზღვარგარეთ მყოფებისთვის:
PayPal: samkharadzeramaz@gmail.com
ეს არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის ბრძოლა — ეს არის მედიის თავისუფლების, პასუხისმგებლობის და ქვეყნის მომავლის ერთობლივი დაცვა.
იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება — რადიო იწყება ჩვენით. მადლობა თითოეულ თქვენგანს გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის“ – წერს რამაზ სამხარაძე.
იმის შესახებ, რომ მედიაჰოლდინგ „ჰერეთის“ ანგარიშები და ქონება დააყადაღეს, რამაზ სამხარაძემ 25 ივნისს განაცხადა.
როგორც მან სატელევიზიო ეთერებში აღნიშნა, ბრძანება შემოსავლების სამსახურმა გასცა და ამის მიზეზად ფინანსური პრობლემების გამო დაგროვებული დავალიანება დაასახელა. აღნიშნული ფაქტი კრიტიკული მედიის დახურვისკენაა მიმართული.