უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დეტალებზე სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპთან კარგი შეხვედრა ჰქონდა.
შეხვედრის დროს ქვეყნების ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის საკითხები, უკრაინელების დაცვა, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა, ასევე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები.
საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა იმ ფაქტის მნიშვნელობა, რომ ირანში აშშ-ის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა არა მხოლოდ ქვეყნის ბირთვული პროგრამა, არამედ დრონების წარმოებაც შეასუსტა.
„პრეზიდენტთან განვიხილეთ ჩვენი ხალხის დაცვა, პირველ რიგში, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენა ჩვენი ქალაქების, ჩვენი ხალხის, ეკლესიებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა შეიძინოს ეს აღჭურვილობა და მხარი დაუჭიროს ამერიკელ იარაღის მწარმოებლებს.
„ევროპას შეუძლია დახმარება. ასევე ვისაუბრეთ დრონების შესაძლო ერთობლივ წარმოებაზე. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება“, - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ ტრამპს უამბო, თუ როგორ ჩაიარა სტამბოლში ტექნიკური ჯგუფის შეხვედრებმა და ტყვეებისა და დაღუპულების გაცვლამ. კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთმა უკრაინას საკუთარი დაღუპულების ცხედრები გადასცა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. პუტინი ნამდვილად ვერ იმარჯვებს. მე პრეზიდენტს წარვუდგინე ფაქტები იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში ადგილზე“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.