ვფიქრობ, საზოგადოება სათანადოდ აფასებს ამ რადიკალი პოლიტიკოსების დაკავების ფაქტს, რომლებმაც საკუთარ თავს დატუსაღების პროცესი მოუწყვეს - ამ ადამიანებმა თავი დაიპატიმრეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან გამაცხადა, რითაც რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, დაკავებული პოლიტიკოსები “მიზანმიმართულად მიდიოდნენ იქით, რომ მათ წინააღმდეგ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება”.
„ვფიქრობ, საზოგადოება სათანადოდ აფასებს ამ რადიკალი პოლიტიკოსების დაკავების ფაქტს, რომლებმაც საკუთარ თავს დატუსაღების პროცესი მოუწყვეს. ისინი მიზანმიმართულად მიდიოდნენ იქით, რომ მათ წინააღმდეგ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება. როდესაც ადამიანი მიზანმიმართულად არღვევს კანონს და ეს საჯაროდ, პროვოკაციულად ხდება და ამ კანონ დაუმორჩილებლობით სახელმწიფოს გამოწვევას უწყობ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და სამართლის, მართლმსაჯულების სისტემა შესაბამის პასუხს გაგცემს. სწორედ ამ საპასუხო რეაქციის ფარგლებში არიან რადიკალი პოლიტიკოსები დაპატიმრებულები. მათ აღკვეთის ღონისძიება იმისთვის აქვთ შეფარდებული, რომ უპატივცემულობა გამოხატეს კონსტიტუციური ნორმების და ჩანაწერის მიმართ. საგამოძიებო კომისია საგამოძიებო ჩანაწერია და საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადება არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპული სტანდარტითაც სასამართლოზე არგამოცხადებას უტოლდება. შესაბამისია ის სასჯელიც. მაგალითად, თუ ჩვენთან ერთ წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა არის, საფრანგეთის შემთხვევაში ეს 2 წლით პატიმრობის შეფარდებაა, ამიტომ ნურავინ ნუ გაავრცელებს ინფორმაციას, თითქოს რაღაც არანორმალური ან რაიმე ევროპული სტანდარტისგან განსხვავებული ხდება. ამ ადამიანებმა თავი დაიპატიმრეს, რადგან რევოლუციური სცენარები ჩაუვარდათ, თვითმმართველობის არჩევნებზე შანსი 0 აქვთ და რაღაცნაირად უნდა იმართლონ თავი, რომ სრულიად განულებული და რეიტინგ დაკარგულები არიან”, - განაცხადა წილოსანმა.