უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ სანქციებს ელოდება, რომელიც რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის სამხედრო ბიუჯეტს დააზარალებს. ამის შესახებ სიბიჰა Х-ზე წერს.
„ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯები რუსეთზე სანქციების ზეწოლის გასაძლიერებლად. ჩვენ მოველით, რომ ნამდვილად ძლიერი [სანქციები] იქნება და პუტინის სამხედრო ბიუჯეტს დააზარალებს,“ - აღნიშნა სიბიჰამ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კალასთან განიხილა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის აუცილებლობა.
„მე ხაზი გავუსვი, რომ უკრაინამ შეასრულა პირველი მოლაპარაკების კლასტერის გახსნისთვის ყველა მოთხოვნა და რომ ამ პროცესის ერთი ქვეყნის მიერ დაბლოკვა მიუღებელია,“- განაცხადა მინსიტრმა.
უნგრეთმა და სლოვაკეთმა უარი თქვეს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-18 პაკეტის დამტკიცებაზე, ვიდრე ევროპული საბჭოს სხდომა არ გაიმართება, სადაც რუსეთზე სანქციების ზეწოლა ევროკავშირის ლიდერების დონეზე უნდა განიხილონ.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცებას ამ კვირის ბოლომდე (23-29 ივნისი) გეგმავს.