უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ოლექსანდრ სირსკის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქის გლუშკოვის რაიონში დაახლოებით 90 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას აკონტროლებს.
„2025 წლის აპრილში, რუსულ დანაყოფებს - და ეს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დაახლოებით 60 ათასი ადამიანია (მათ შორის ორი სადესანტო-მოიერიშე დივიზია, სადესანტო-მოიერიშე ბრიგადები და საზღვაო ქვეითთა ბრიგადა) - დაევალათ საბრძოლო მოქმედებების ახალ არეალში გადასვლა და რუსული არმიის შეტევითი ჯგუფების შევსება პოკროვის, ტორეცკის, ლიმანის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით და ამით მტრის შეტევის ტემპის გაზრდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის გლუშკოვის რაიონში ჩვენმა აქტიურმა ქმედებებმა ეს გეგმები ჩაშალა...
უკრაინის არმია აკონტროლებს დაახლოებით 90 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის გლუშკოვის რაიონში და ეს არის ჩვენი პრევენციული ქმედებები მტრის შესაძლო შეტევის საპასუხოდ,“ - განაცხადა სირსკიმ.
სირსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ერთ-ერთი რუსული ბრიგადა, რომელიც უკვე პოკროვის მიმართულებით მოძრაობდა, კვლავ კურსკის მიმართულებით დააბრუნეს - ამჟამად დაახლოებით 10 ათასი რუსი ჯარისკაცი გლუშკოვის რაიონში საბრძოლო მოქმედებებს აწარმოებს.
26 აპრილს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს აცნობეს, რომ კურსკის ოლქში ბოლო დასახლებული პუნქტი, გორნალი, „უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან გათავისუფლდა“.