ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს მოუწოდა, აჯანყდნენ ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც, ათწლეულების განმავლობაში ჩაგრავს თავის ხალხს. ნეთანიაჰუ მიმართვას Х-ზე ავრცელებს.
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო ისლამური რეჟიმის მხრიდან მზარდი ეგზისტენციალური საფრთხის გამო.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველი 24 საათის განმავლობაში ისრაელის ძალებმა შეძლეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტზე დარტყმის განხორციელება, სამხედრო ხელმძღვანელობის, წამყვანი ბირთვული სპეციალისტების და ირანის სარაკეტო არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურება.
„ისლამური რეჟიმი, რომელიც თითქმის 50 წელია გჩაგრავთ, ჩემს ქვეყანას, ისრაელის სახელმწიფოს განადგურებით ემუქრება.
ისრაელის სამხედრო ოპერაციის მიზანია ამ საფრთხის აღმოფხვრა, როგორც ბირთვული საფრთხის, ასევე ბალისტიკური რაკეტების საფრთხის ისრაელისთვის“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ თავის მიმართვაში.
ნეთანიაჰუმ ირანელებს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და დაიცვან საკუთარი თავისუფლება.
მან აღნიშნა, რომ ამჟამინდელი რეჟიმი არასდროს ყოფილა ასეთი სუსტი და მოქალაქეებს აჯანყებისკენ მოუწოდა.
„დადგა დრო, რომ გაერთიანდეთ თქვენი დროშისა და ისტორიული მემკვიდრეობის გარშემო, დაიცვათ თქვენი თავისუფლება ბოროტი და მჩაგვრელი რეჟიმისგან... ეს თქვენი შესაძლებლობაა, რომ წინ აღუდგეთ და თქვენი ხმა გააგონოთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის ომი არ არის მიმართული ირანელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ჩაგრავს და აღარიბებს ქვეყანას.
„ისრაელი თქვენ არ გეომებათ. თქვენ არა, არ ებრძვის ირანელ მამაც ხალხს, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ და მისით აღფრთოვანებულები ვართ. ჩვენ ვებრძვით ჩვენს საერთო მტერს, სისხლიან რეჟიმს... მამაცი ირანელი ხალხი, თქვენი სინათლე დაამარცხებს სიბნელეს. მე თქვენთან ვარ. ისრაელის ხალხი თქვენთანაა,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.