საფრანგეთის ქალაქი ნანტი დაძმობილებულ თბილისთან ურთიერთობას წყვეტს.
ამის შესახებ ნათქვამია ქალაქის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, მიზეზად კი საქართველოში "ქართული ოცნების" მიერ რეპრესიულ პოლიტიკაა დასახელებული.
ქალაქის ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოხატავს 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული განვითარებული მოვლენების, კერძოდ "საქართველოს პოლიტიკური სიტუაციისა და ქვეყანაში გამართული არაერთი დემონსტრაციის შედეგად პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიის" გამო.
გარდა ამისა, პრესრელიზში წერია, რომ ქალაქ ნანტის მერიამ შეიტყო, რომ „ქალაქ თბილისის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის რამდენიმე საჯარო მოხელე, რომლებთანაც ისინი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს“.
ნანტს, თბილისსა და გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენს შორის სამმხრივი დაძმობილება იყო გაფორმებული. ურთიერთობამ შესაძლებელი გახადა ისეთი პროექტების მხარდაჭერა, როგორებიცაა: ფრანგულის სწავლება თბილისში, ქართველი საშუალო სკოლის მოსწავლეების მასპინძლობა, კონცერტები და ქართული ცეკვის გაკვეთილები.
პრესრელიზის თანახმად, ურთიერთობის შეჩერება გაგრძელდება „თანამშრომლობის პირობების დაკმაყოფილებამდე“.
ნანტი და თბილისი 1979 წელს დაძმობილდნენ.