ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად გააკეთა კომენტარი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოპერაცია „ობობის ქსელზე“, რომლის დროსაც რუსულ საჰაერო ბაზებზე თავდასხმა განხორციელდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, თეთრი სახლის პრესმდივანს, ქეროლაინ ლევიტს, ჰკითხეს, თუ რა იყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეაქცია რუსეთის ფედერაციაზე უკრაინის დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე. საპასუხოდ, მან თქვა, რომ ომი უნდა დასრულდეს.
„რეაქცია არის ის, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს. ეს ომი ორივე მხრიდან სასტიკია, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. პრეზიდენტს სურს, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდეს და ეს მან ორივე ლიდერს ნათლად განუცხადა, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად,“ - აღნიშნა ლევიტმა.
პრესმდივანმა ასევე განაცხადა, რომ ამერიკის ლიდერი ღიაა ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პუტინთან შეხვედრისთვის, თუმცა სურს, რომ ორივე მათგანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.