საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 34-ე ყრილობას დაესწრო.
შეხვედრის თემა იყო „არქივების რეფლექსია XXI საუკუნის გამოწვევებზე – მიგრაცია და მდგრადობა“. არქივისტებმა იმსჯელეს არქივების როლზე მიგრაციის ისტორიის დოკუმენტირებისა და შენარჩუნების საკითხში. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საარქივო დოკუმენტების ელექტრონული ბაზების განვითარებასა და ხელმისაწვდომობაზე.
ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი სოფრომაძე ICARUS-ის პრეზიდენტ ბირგიტ კიბალს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და ერთობლივი ინიციატივების შესაძლებლობები განიხილეს. ICARUS-ის ყრილობა წარმოადგენს საერთაშორისო პროფესიულ პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საარქივო ინსტიტუციების პროფესიონალების შეკრებას, მათ შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და ინიციატივების გაზიარებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას უწყობს ხელს. საქართველოს ეროვნული არქივი საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) წევრი 2013 წელს გახდა.