აშშ-ის საელჩო საქართველოში მორიგ განცხადებას ავრცელებს. ამჯერად საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აცნობებს, რომ გაუქმებულია ის სიფრთხილის ზომები, რომელიც 7 მაისს თბილისში მდებარე სამ სავაჭრო ცენტრში – „ისთ ფოინთი“, „გალერია თბილისი“ და „თბილისი მოლი“ , ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით იქნა გაცემული.
„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული შეტყობინების შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს თბილისში საელჩოს, რომ არცერთ ხსენებულ ამ სამ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ იყო აღმოჩენილი. რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა მისი რეკომენდაცია საელჩოს თანამშრომლებისთვის, თავი აერიდებინათ ამ ტერიტორიებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, თვალი ადევნონ ადგილობრივ მედიასიახლეებს და ყურადღებით იყვნენ საკუთარ გარემოცვაში.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ 7 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც დიპლომატიური უწყება წერდა, რომ მიიღეს შეტყობინება თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ.
აღნიშნულის შემდეგ სუს-მა ამერიკის საელჩოს შეუთანხმებელი ინფორმაციის გავრცელების თავშეკავებისკენ მოუწოდა.