მინდა, გამოვრიცხო ის სპეკულაციები, რაც გვესმის ორი დღის განმავლობაში, თითქოს პენიტენციურ სისტემაში ძალადობას ჰქონდა ადგილი და თითქოს ამ ძალადობის მონაწილე თავად პენიტენციური სისტემის წარმომადგენელი იყო. ეს ცალსახად გამორიცხულია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ბრალდებულ იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა და გორგაძის ოჯახს მიუსამძიმრა.
„ის მძიმე დაზიანება, რომელიც მან თავის არეში მიიღო, სავარაუდოდ, დაცემის შედეგად, ამას გამოძიება დაადგენს შესაბამისი ექსპერტიზების შედეგად, სწორედ ამ დაცემის შედეგად მიიღო ის დაზიანებები, რომლებიც შემდგომ, სამწუხაროდ, სასიკვდილო აღმოჩნდა. იუსტიციის სამინისტრომ ვიდეომასალა გამოაქვეყნა მხოლოდ იმ მიზნით, რომ საზოგადოებამ ნახოს ის კადრები, რომელიც პენიტენციურ სისტემაში და ასევე „ვივამედში“ პაციენტის მიღებისას არის გადაღებული. აშკარად ჩანს, რომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენელთა მხრიდან არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი“, – განაცხადა პაატა სალიამ.
მისი თქმით, ოჯახს შეუძლია, გაეცნოს უწყვეტ მასალას, რომელიც გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისთვის.
„შეისწავლიან ამ მასალას, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და იმედი მაქვს, სპეკულაციას, თითქოს მასალა დამონტაჟებულია ან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა, ან სხვა პატიმრებმა რაიმე ფორმით ჩაიდინეს ძალადობრივი ქმედება გარდაცვლილი პატიმრის მიმართ, გამოირიცხება“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომაც გაავრცელეს მაქსიმალურად ის ინფორმაცია, რისი გავრცელებაც შესაძლებელი იყო.
„დაველოდოთ გამოძიებას. არის ამის ნიშნები, არათუ ნიშნები, ცალსახაა, რომ რადიკალურმა ძალებმა აიტაცეს ეს ფაქტი და ცდილობენ, დღის წესრიგი შექმნან ამასთან დაკავშირებით, თითქოს ციხეებში ძალადობას აქვს ადგილი და ა.შ. ამას საზოგადოება არ დაიჯერებს. ალბათ ხედავთ, რამდენად შეცვლილია ვითარება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, რომ არანაირ სისტემურ ძალადობას ადგილი არ აქვს. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიმართულია რადიკალური ძალების მიერ, რომ საზოგადოებაში გარკვეულწილად საპროტესტო მუხტი გამოიწვიონ. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაეცნოს ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციას და თავად გამოიტანოს დასკვნები, სადაც, ჩემი აზრით, და ამას შემდგომ ალბათ ექსპერტიზაც დაადგენს, რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა პაატა სალიამ.