ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ჰუსიტების თავდასხმების პასუხად იემენში მათ მიერ კონტროლირებადი სანაას საერთაშორისო აეროპორტზე საჰაერო იერიში მიიტანეს და მწყობრიდან გამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, განხორციელებული დარტყმების შემდეგ აეროპორტი ამჟამად „სრულად გამორთულია“.
ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ „ჰუსიტები“ აეროპორტს იყენებდნენ იარაღისა და ოპერატიული პერსონალის ტრანსპორტირებისთვის. მათივე განცხადებით, „ჰუსიტების“ რეჟიმი მას რეგულარულად იყენებს ტერორისტული მიზნებისთვის. აეროპორტზე დარტყმამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა მშვიდობიანი მოსახლეობა გააფრთხილეს და იემენში სანაას საერთაშორისო აეროპორტის ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
ისრაელის თავდაცვის ძალების არაბულენოვანმა სპიკერმა, ავიხაი ადრაიმ გაფრთხილების შესახებ X-ზე დაწერა.
"მოგიწოდებთ, რომ აეროპორტის ტერიტორია სასწრაფოდ დატოვოთ და თქვენს სიახლოვეში ყველა გააფრთხილოთ ტერიტორიის დაუყოვნებლივი ევაკუირების საჭიროების შესახებ". - წერია ისრაელის თავდაცვის ძალების პოსტში.
გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ასევე დაბომბეს სანაასთან ახლოს მდებარე რამდენიმე ელექტროსადგური, რომლებსაც „ჰუსიტები“ იყენებდნენ; ასევე, დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ცემენტის ქარხანა, რომელსაც დაჯგუფება ინფრასტრუქტურისა და გვირაბების მშენებლობისთვის იყენებდა.
მანამდე ჰუსიტების მიერ ისრაელში მდებარე ბენ გურიონის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით იერიში მიიტანეს.
რაკეტა აეროპორტს არ მოხვედრია და მის სიახლოვეს ჩამოვარდა. დაშავდა 6 ადამიანი.
თავდასხმის შემდეგ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ იემენელ ჰუსიტები და ირანი პასუხს მიიღებდნენ.