„ნაციონალურ მოძრაობას რომ დანაშაულები აქვს ჩადენილი, მგონი, ამაზე არ ვდავობთ. არ მინდა, დეტალებში შევიდე გასამართლება-არგასამართლებაზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი საუკეთესო დრო იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის.
„უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, იგივე 2008 წლის ომი იყო მოღალატეობრივი ქმედება, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო ის, რაც მივიღეთ – დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, დაკარგული სოფლები, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ეს იყო შედეგი, რაც მივიღეთ და რასაც დღესაც ვიმკით. არ მინდა, დეტალებში შევიდე გასამართლება-არგასამართლებაზე. უამრავი დანაშაული აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. მომავალი წელი არის არჩევნების წელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და „ქართული ოცნება“ დიდ კონცენტრირებას აკეთებს იმისთვის, რომ პროცესი ღირსეულად წარმართოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძეს ასევე ჰკითხეს, როგორ ფიქრობს, რა საჭიროა ახლა ამ საკითხზე საუბარი, მაშინ, როცა ჰააგის სასამართლოს მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რაზეც დედაქალაქის მერმა თქვა:
„ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკურ პარტიას შეუძლია, გამოთქვას თავისი მოსაზრება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ან თუნდაც დააყენოს საკითხი ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ უამრავი დანაშაული აქვს. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიძლება, პოლიტიკურ სახელმძღვანელოებში შევიტანოთ და ვასწავლოთ ბავშვებს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როცა მართავ ქვეყანას. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია ოპოზიციაში ყოფნის დროს. საუკეთესო მაგალითია „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.