მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში და დუნაის გასწვრივ, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერმა, დილან უაითმა რუმინეთში რუსული უპილოტო თვითმფრინავის ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინაში და დუნაის გასწვრივ. ნატო-ს არ აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს რუსეთის მხრიდან რაიმე განზრახ თავდასხმაზე მოკავშირეების წინააღმდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს და მჭიდრო კავშირი გვაქვს რუმინეთის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა.
უკრაინაზე რუსეთის იერიშის შემდეგ, რუმინეთში, უკრაინის საზღვართან, დრონი ჩავარდა. უპოლოტო საფრენი აპარატი რუმინეთის სოფელ გრინდუდან ოთხ კილომეტრში, დაუსახლებელ ადგილას ჩავარდა. გაჩნდა 1,5 მეტრის სიღრმის კრატერი . მომხდარის გამო რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ვალერი კუზმინი დაიბარეს. რუმინეთი ნატო-ს წევრია. ალიანსის წესდების მეხუთე მუხლით გათვალისწინებულია თავდაცვის კოლექტიური ვალდებულება ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.
რუმინეთის თავდაცვის უწყების ცნობით, რუმინეთისა და გერმანიის შეირაღებული ძალების თვითმფრინავები რუმინეთის საჰაერო სივრცის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებენ.