ევროკომისიამ ევროკავშირის გაყინული ფონდიდან უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.
თუმცა როგორც ცნობილია, უნგრეთი, ჯამში, 30 მილიარდის ღირებულების აქტივების განბლოკავს ითხოვს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკომისიამ ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე მიიღო, რომელზეც გაფართოების საკითხი განიხილება. ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ წევრობის შესახებ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას დაბლოკავს.
ევროკომისიაში უარყოფენ, რომ უნგრეთისთვის გაყინული თანხების განბლოკვა ვიქტორ ორბანის პოზიციის შეცვლის მიზნით მოხდა. ევროკომისიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იყო უნგრეთის მიერ სასამართლო რეფორმაში შეტანილი ცვლილებების პასუხი.
დღეს, ევროკავშირის სამიტის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. უცნობია შეხვედრის ზუსტი დეტალები, თუმცა საკითხი, სავარაუდოდ, ეხებოდა უნგრეთის პოზიციას უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვასთან დაკავშირებით.