„ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი მავნებლები არიან და საქართველოს მხარდამჭერებს ებრძვიან“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის კრიტიკას, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიციას მოჰყვა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.
„ჩვენ ხომ ვიცით ოპოზიციის ქმედებები? მათი მთავარი გზავნილია, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს. ისინი წლების წინ, ასევე, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო და ასოცირების შესახებ შეთანხმება არ გაფორმებულიყო. ჩვეულებრივი მავნებლები არიან. რაც შეეხება ორბანს, მან თავისი განცხადებებით არაერთხელ დაგვანახა, რომ უნგრეთი, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერია. ოპოზიციას რასაც ვუყურებ, მაქსიმალურად ებრძვიან მათ, ვინც საქართველოს უჭერს მხარს. თვითონაც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელის შეშლა მოხდეს, თუნდაც სტატუსის მიღების პროცესში, მაგრამ არავის არაფერი გამოუვა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ სტატუსიც მივიღოთ, შემდეგი წლების განმავლობაში ყველა რეფორმა განხორციელდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი დავაჩქაროთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მხრიდან უკვე დადებითი რეკომენდაცია არსებობს.
„საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით განცხადება უკვე გაკეთდა და დადებითი რეზოლუციაც მიღებულია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.