ხუთ საათზე მეტია უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაშის ხმა არ წყდება. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე დრონებით იერიში მიიტანეს. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, „შაჰედებით“ თავდასხმის შედეგად სოლომენსკის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართული.
„ამჟამად სოლომენსკის რაიონში ორი დაშავებულია. ექიმებმა ორივეს ადგილზევე გაუწიეს დახმარება. სოლომენსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ხუთსართულიანი შენობის მეორე სართულზე ნგრევა მოხდა. მაშველები ორი ქალის გამოყვანას ცდილობენ.
დნეპრის რეგიონში ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები მრავალსართულიან შენობას დაეცა. შემთხვევის ადგილზე მაშველები და ექიმები მიდიან," - წერს კლიჩკო ტელეგრამ-არხზე.
ამასთან, "შაჰედების" მასირებული თავდასხმისა და მტრის დრონების ჩამოგდების შედეგად, კიევში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
„სოლომენსკის რაიონში მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებისა და ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ამოქმედებულია სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური“, - განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი პოპკომ.