ისრაელის მთავრობამ გათავისუფლებული 13 მძევლის ვინაობა გაასაჯაროვა.
სიაში ოთხი ბავშვი და 72-დამ 85 წლამდე ასაკის ქალია.
გათავისუფლებულთა შორის იყო 76 წლის ჰანა კაცირი, რომლის გარდაცვალების შესახებ სამი დღის წინ ისლამისტმა მებრძოლებმა განაცხადეს.
განცხადებაში, რომელიც სიცრუე აღმოჩნდა, ტერორისტები ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ ჰუმანიტარული ნიშნით გაეთავისუფლებინათ ჰანა კაცირი, მაგრამ ისრაელის მხრიდან გარკვეული შეფერხების გამო, მათ ეს ვერ შეძლეს და კაცირი გარდაიცვალა.
„ჰამასის” მიერ გათავისუფლებული მძევლები უკვე ისრაელში იმყოფებიან.
მძევლებს პირველადი სამედიცინო შემოწმება ეგვიპტეში ჩაუტარდათ და უკვე შემდეგ გადაიყვანეს ისრაელის საავადმყოფოში, სადაც ისინი ახლობლებთან შეხვედრას შეძლებენ. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, ელი ბინის თქმით, წითელი ჯვრის ინფორმაციით, გათავისუფლებული პირები ჯანმრთელად გამოიყურებიან.