მედიის ცნობით, ბაჰრეინმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაალაგა ურთიერთობები ისრაელთან, ღაზის სექტორზე იერიშების საპასუხოდ, თავისი ელჩი გაიწვია და განაცხადა, რომ ისრაელთან ეკონომიკურ ურთიერთობებს წყვეტს.
ბაჰრეინი დატოვა ისრაელის ელჩმაც.
ისრაელსა და ბაჰრეინს შორის დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ სამი წლის წინ დამყარდა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მეშვეობით.
ისრაელისა და ბაჰრეინის მიერ 2020 წელს ხელმოწერილი შეთანხმებები განიხილებოდა, როგორც მთავარი გარღვევა ისრაელ-არაბული კონფლიქტის დეესკალაციაში. მას შემდეგ ისრაელსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა. გასული წლის დეკემბერში ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი პირველად ეწვია ბაჰრეინს.
ბაჰრეინის მიერ თავისი ელჩის გაწვევა ხდება არაბულ ქვეყნებში მზარდი საზოგადოებრივი პროტესტისა და პალესტინელების მხარდამჭერი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე.
გუშინ თავისი ელჩი ისრაელიდან იორდანიამაც გაიწვია. უფრო ადრე კი ელჩები გაიწვიეს კოლუმბიამ და ჩილემ. ხოლო ბოლივიამ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა.